ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში. გლდანში, მეშვიდე სართულიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
სანდრო ბერიძე თბილისის N205-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელი იყო. ბაღის ადმინისტრაცია სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“გლდანის მე-7 მიკრო-რაიონში გუშინ საღამოს, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 205-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი-სანდრო ბერიძე. ეს მოუშუშებელი ტკივილი იქნება მუდამ ჩვენთვის. ვუსამძიმრებთ ოჯახს” – წერს თბილისის N205-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სოციალურ ქსელში.
უბედური შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.
“შემთხვევით შევესწარი ამ საშინელ ტრაგედიას. მეზობელი არ ვარ, უბრალოდ იქ აღმოვჩნდი იმ დროს და საშინელება ტრიალებდა. სასწრაფო მოსული იყო და ექიმები ეხვივნენ გარს და მცდელობას არ აკლებდნენ, მაგრამ ბავშვი ადგილზე იყო გარდაცვლილი. არ ვიცი გონებიდან ალბათ არასოდეს ამოვა ეს უმძიმესი კადრები. ნეტავი საკუთარი თვალით არ დამენახა, როგორ იწვა ბეტონზე ბავშვი. მთელი ცხოვრება ალბათ თვალწინ მექნება ეს ტრაგედია. დეტალები არ ვიცი, რა და როგორ მოხდა. სავარაუდოდ აივნიდან გადმოვარდა პატარა. უფალმა გაძლება მისცეს ოჯახს” – გვიყვება ერთ ერთი მოქალაქე, რომელიც შემთხვევის შემდეგ ადგილზე იმყოფებოდა.
“არ ვიცი როგორ უნდა გაუძლოს ოჯახმა ამ ტკივილს. ჩვენ სოფელში ვართ მეზობლები. აჭარლები არიან. რა და როგორ მოხდა, დეტალები არ ვიცით, ხომ იცით ასეთ დროს ყველაფერი წამებში ხდება. დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს. გამძლეობა ნატოს და ყველა ოჯახის წევრს. დიდი უბედურება ტრიალებს” – გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.