ტრაგედია დატრიალდა იმერეთში. არსებული ინფორმაციით, 4 წლის თომა კუბლაშვილი გლანდების ოპერაციის შემდეგ განვითარებული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. დაღუპული ბავშვის ოჯახის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ კლინიკაში ბავშვის მიმართ გულგრილობა გამოიჩინეს.
- ცნობილია, რომ ოპერაციის შემდეგ ბავშვი სახლში გამოწერეს, რის შემდეგაც მდგომარეობა გართულდა. ახლობლების ინფორმაციით, სახლში მოსვლის შემდეგ ბავშვს სისხლის კოლტები ამოჰქონდა, რის შემდეგაც მშობლებმა ბავშვი კვლავ კლინიკაში წაიყვანეს და ექიმებს მდგომარეობის შესახებ აცნობეს. მალევე თომა კლინიკაში გარდაიცვალა.
“რომ ჩაიყვანეს პატარა, აჩვენეს ფოტოზე გადაღებული, თუ რამდენი სისხლი ჰქონდა დაკარგული უკვე სახლში, ჩახედეს ყელში და კარგადაა ყველაფერი, ეგ რაც აწუხებდა მოიშორაო და 4 საათი დავაკვირდეთო, ბავშვი აჭიკჭიკეს, ალაპარაკეს, და მდგომარეობა სახიფათოდ ვერ შეაფასეს, არც ეხო გადაუღეს, რომ ფარული სისხლდენა გამოერიცხათ!
მერე, იქვე დაეწყო სისხლდენა და დაიცალა ბავშვი!… დედაც არ შეუშვეს და აკივლებდნენ ბავშვს. დედასთან მინდა, მეშინიაო!!!!! ვითომ მოსაწვავად უნდა გაეყვანათ, მაგრამ დააგვიანეს! ყველაფერი დააგვიანეს!”
“ჩაუყვანიათ საავადმყოფოში სისხლდენით, ექიმს უთქვამს დავაკვირდეთო და პალატაში გაუშვიათ, იმის მიუხედავად, რომ მამას სისხლის ამოღებული კოლტების ფოტო უჩვენებია ექიმისთვის” – წერენ ოჯახის ახლობელები.
ჩვენ ვესაუბრეთ კლინიკა გიდის დირექტორს დიმიტრი მხეიძეს. სწორედ ამ კლინიკაში ჩაუტარდა პატარა ბიჭუნას ოპერაცია.
– თომას ოპერაცია გაუკეთდა ჩვენთან კლინიკაში, მაგრამ მერე გაეწერა ჩვენი კლინიკიდან ჩვეულებრივად. შემდეგ დედამ დაურეკა მის მკურნალ ექიმს და უთხრა ბავშვს დენა აქვსო, აღებინა სისხლიანი, ერთჯერადად. მოიყვანეს ბავშვი კლინიკაში, დაათვალიერა ექიმმა და აბსოლუტურად არ ჰქონდა სისხლდენის კვალი. ყველაფერი ნორმალურად ჰქონდა, ნადებებიც, ყველაფერი აბსოლუტურად, მაინც დააყოვნა ექიმმა ბავშვი კლინიკაში, თავისი ინტუიციიდან გამომდინარე და დაკვირვების ქვეშ ჰყავდა. რამდენიმეჯერ პალატაშიც შევიდა, თავის ხელით აჭმევდა ბავშვს. ყურადღებას აქცევდა. ბავშვი ცოტას ჭირვეულობდა და უცებ ატყდა ძალიან ძლიერი სისხლდენა.
– ბავშვი სისხლდენით გარდაიცვალა?
– ოთხშაბათს გარდაიცვალა ბავშვი. როგორც ხდება მეორე დღეს გაეწერა ჩვეულებრივ. მესამე დღეს დაბრუნდა უკან, რადგან დედამ შეამჩნია როგორც გითხართ სისხლიანი ნაღებინები. დილას მოვიდა, 10 საათი ხდებოდა და რამდენიმე საათში დაიწყო ძლიერი სისხლდენა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. დაეხმარნენ ბავშვს, ბავშვი არ აღებდა პირს და ამიტომ გახდა საჭირო ანესთეზია. უნდა დაეძინებინათ, უბრალოდ მანიპულაცია იყო საჭირო, რომ მოეწვათ სისხლძარღვი. დააძინეს ბავშვი, ჩვეულებრივად სისხლძარღვი მოიწვა, გაჩერდა სისხლდენა და რამდენიმე წუთში ბავშვის გული გაჩერდა.
– ნარკოზიდან გამოსული არ იყო ბავშვი?
– ნარკოზიდან გამოსული საიდან იქნებოდა, რომ დააძინეს მოიწვა სისხლძარღვი მალე მოიწვა. მანიპულაცია დამთავრებული იყო, სისხლდენა შეჩერებული იყო და ამ დროს გაუჩერდა გული.
– რა იყო მიზეზი?
– ვერ გეტყვით, ძალიან რთულია ამის თქმა ჯერჯერობით. არის ექსპერტიზა ჩატარებული და მიმდინარეობს კვლევა. არანაირი მორალური უფლება არ მაქვს ჯერჯერობით რომ რაიმე ვერსიებზე ვილაპარაკოთ დაველოდოთ ექსპერტიზას. ერთი რამ შემიძლია დადასტურებით ვთქვა, რომ მაქსიმალურად ყველაფერი, რაც კი იყო გასაკეთებელი ჩაუტარდა. რეანიმატოლოგებმაც და მისმა მკურნალმა ექიმმა. მე პირადად ვიღებდი მონაწილეობას, ვეხმარებოდი, ყველა ფეხზე ვიყავით და მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც კი შესაძლებელი, მაგრამ სამწუხაროდ გარდაიცვალა. ასეთი შემთხვევა იყო იმ ქირურგის პრაქტიკაშიც პირველია და მე საერთოდ ნანახიც არ მქონდა ასეთი შემთხვევა ჩემი 30 წლის განმავლობაში.
– სისხლდენა რას უნდა გამოეწვია?
– ყველაზე საშიში არის ნადების მოძრობა, რომ ძვრება იქ ბევრი სისხლძარღვებია, რომელიც ნადებს, ასე ვთქვათ, კვებავს, ნადების ქვეშ არის, ამიტომ იქ წარმოიდგინეთ, რომ ერთდროულად ბევრი მიკრო სისხლძარღვებიდან მოდის სისხლი და დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვა ხდება ამ დროს. რაღაცის გამო მოხდა, ან ჩაახველა შეიძლება ბავშვმა ძლიერად ან იყვირა, შეიძლება ეტკინა რაღაცა, რა იყო ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. რეალურად სისხლძარღვიდან წამოვიდა სისხლი დიდი რაოდენობით. მძიმე ფაქტია. მთელი ცხოვრება გაჰყვება ექიმს ეს, მითუმეტეს ექიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ გადაერჩინა. ვუსამძიმრებ ოჯახს. ჩათვალეთ როგორც სტკივა ოჯახს, ისე სტკივა ზუსტად ქირურგსაც და ყველა იმას, ვინც მონაწილეობა მიიღო და ცდილობდა ბავშვის გადარჩენას. დედაც იქ იყო და ყველა უყურებდა რასაც ვაკეთებდით. უფლის წინაშე ტყუილს ვერ ვიტყვი. უფლის წინაშე ვაგებთ ყველა პასუხს ჩვენ საქციელზე და მე პირადად რაც ვნახე იქ, თავიდან ბოლომდე თავს დავდებ და ხატზე და ბიბლიაზე დავიფიცებ, რომ მაქსიმუმი გაკეთდა. მეტი შესაძლებლობებიც უბრალოდ აღარ იყო.