გუშინ გვიან ღამით მძიმე დანაშაული მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, სადაც მამაკაცმა სანადირო თოფიდან ორ ადამიანს ესროლა, რომელთაგანაც ერთი გარდაიცვალა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 43 წლის მამაკაცი დააკავეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. დააკავეს.
დანაშაულები 16 – დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად, თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ. -ს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მოკლული მამაკაცი და დაჭრილია ქალი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. მას მერე, რაც მამაკაცი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
დაკავებული მამაკაცის ახლობლის თქმით, ბრალდებული დაჭრილი ქალის ყოფილი ქმარია. ისინი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.
“ბრალდებული და მოკლული მეგობრობდნენ, მათი ურთიერთობა უკიდურესად მას შემდეგ გართულდა, რაც გაირკვა, რომ ბრალდებულის ყოფილ ცოლთან მოკლულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა”.
ჩვენი რესპონდენტის მოყოლილიდან ირკვევა, რომ მოკლული კაცი სხვა საქმეზე პატიმრობაში თითქმის 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, რის მერეც მან და დაკავებულის ყოფილმა ცოლმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.
“ციხიდან რამდენი დღის წინ გამოვიდა, მე როგორც ვიცი, გათავისუფლებამდე მუქარებს უთვლიდა ბრალდებულს. ოჯახის ახლობლები ვფიქრობთ, რომ ამან დაასწრო და მოკლა. მართალია ცოლ-ქმარი გაშორებულები იყვნენ, მაგრამ ყოფილ ქმარს შერიგება სურდა, თუმცა ქალი უარზე იყო. ღამე ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის. როგორც გავიგე, მოკლულის ოჯახში იყვნენ და იქ ესროლა ორივეს. ქალი საავადმყოფოშია. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა”, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.