ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში მუნის უკვე 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
მუნი, ასევე ცნობილი, როგორც ბღერი, არის ქავილის მომგვრელი გამონაყარი კანზე, რომელსაც იწვევს ტკიპა — Sarcoptes scabiei. ადამიანს ძლიერი ქავილი უჩნდება იმ ადგილებში, სადაც ტკიპა კანში შედის. ღამით ქავილის სურვილი განსაკუთრებით ძლიერდება.
მუნი გადამდებია და შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ახლო ფიზიკური კონტაქტის გზით — მაგალითად, ოჯახში, საბავშვო ბაღში ან ციხეში. რადგან ინფექცია მარტივად ვრცელდება, ექიმები ხშირად ურჩევენ მკურნალობას როგორც ინფიცირებულს, ისე მასთან ახლო კონტაქტის მქონე ადამიანებს.
რა იწვევს ბღერს?
მუნს იწვევს პაწაწინა, რვაფეხა ტკიპა, რომელიც კანში აღწევს და შიგნით კვერცხებს დებს. კვერცხებიდან იჩეკებიან ტკიპების ლარვები, რომლებიც კანის ზედაპირზე გამოდიან და იზრდებიან. ეს ტკიპები შემდეგ სხეულის სხვა უბნებზე ვრცელდებიან ან სხვა ადამიანზე გადადიან. ქავილი გამოწვეულია ორგანიზმის ალერგიული რეაქციით ტკიპებზე, მათ კვერცხებსა და ნარჩენებზე. შესაბამისად, ხშირად მუნი გამოიყურება, როგორც ალერგიული გამონაყარი.
ეს ტკიპები ვრცელდებიან ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კანის-კანზე კონტაქტით და შედარებით იშვიათად — ტანსაცმლის ან თეთრეულის გაზიარებით.
აღსანიშნავია, რომ ცხოველებისგან ადამიანს ტკიპები ვერ გადაედება, რადგან ცხოველის ტკიპები ადამიანის კანში ვერ გადარჩებიან და ვერ გამრავლდებიან.
თუმცა, თუ ადამიანი შეეხო მუნის მქონე ცხოველს, შესაძლოა, ტკიპამ, კანქვეშ მოხვედრის შემთხვევაში, დროებითი ქავილი გამოიწვიოს. რამდენიმე დღეში ტკიპა თავისით მოკვდება, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა საჭირო არ არის.
რა არის მუნი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?
მუნი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:
ქავილი — ხშირად ძლიერი და განსაკუთრებით ღამით გამწვავებული;
თხელი, ტალღოვანი ხაზები კანზე, რომლებიც მცირე ბუშტუკებით არის დაფარული.
მუნი ხშირად ვლინდება კანის ნაკეცებში, თუმცა ის შეიძლება სხეულის მრავალი უბანზე გაჩნდეს. მოზრდილებსა და დიდ ბავშვებში მუნი ხშირად ჩნდება:
ხელისა და ფეხის თითებს შორის;
იღლიაში;
მუცლის არეში;
მაჯების შიდა მხარეს;
იდაყვის შიდა მხარეს;
ფეხის გულებზე;
მკერდზე;
სარძევე ჯირკვლების გარშემო;
ჭიპის გარშემო;
სასქესო ორგანოების მიდამოში;
დუნდულების ზედაპირზე.
ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში მუნი ძირითადად ჩნდება:
თითებზე;
სახეზე, თავზე და კისერზე;
ხელის გულებზე;
ფეხის გულებზე.
თუ მუნი უკვე გქონიათ, სიმპტომები შეიძლება ინფექციის წყაროსთან ახალი კონტაქტიდან რამდენიმე დღეში გამოგიჩნდეთ. ხოლო თუ პირველად დაინფიცირდით, შესაძლოა, სიმპტომების გაჩენას 6 კვირა დასჭირდეს. თუმცა საგულისხმოა, რომ ამ პერიოდშიც კი შეგიძლიათ, დაავადება სხვას გადასდოთ, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები ჯერ არ გქონიათ.
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ბღერმა?
ზედმეტმა ქავილმა შეიძლება კანის დაზიანება და, შესაბამისად, ინფექციის, მაგალითად, იმპეტიგოს, განვითარება გამოიწვიოს. იმპეტიგო არის კანის ზედაპირის ინფექცია, რომელიც უმეტესად გამოწვეულია სტაფილოკოკებით (staphylococci) და ზოგჯერ სტრეპტოკოკებით (streptococci).
მუნის უფრო რთული ფორმა — ფუფხიანი მუნი — შესაძლოა განვითარდეს გარკვეულ ჯგუფებში, მათ შორის:
პატარა ბავშვებში;
გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირებში;
ადამიანებში, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა (მაგალითად, შიდსის ან ლიმფომის მქონე პირები, ან ორგანოების გადანერგვის შემდეგ);
ხანდაზმულებში, რომლებიც ცხოვრობენ მოხუცთა სახლებში;
ძალიან მძიმედ ავადმყოფებში, მაგალითად, კლინიკებში ან მოხუცთა თავშესაფრებში მყოფებში.
ფუფხიანი მუნი კანს უხეშს და ქერცლიანს ხდის და ხშირად ფარავს სხეულის დიდ ნაწილებს. დაავადების ეს ფორმა ძალიან გადამდებია და მისი მკურნალობაც რთულია. ფუფხიანი მუნის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია მკურნალობის კურსის სასწრაფოდ დაწყება როგორც სპეციალური ტაბლეტებით, ისე სამკურნალო კრემით.
ჩვეულებრივ, მუნის მქონე ადამიანს კანზე 10-15 ტკიპა ჰყავს. თუმცა ფუფხიანი მუნის შემთხვევაში ტკიპების რაოდენობა შეიძლება მილიონებს შეადგენდეს. მიუხედავად ამისა, ქავილი ან საერთოდ არ ვლინდება, ან ძალიან მსუბუქია.
როგორ მოვიშორო მუნი: კანის გაღიზიანება, შესაძლოა მუნი სახეზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე, რაც მკურნალობას მოითხოვს
როდის უნდა მიმართოთ ექიმს და როგორ მოვიშოროთ მუნი?
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მუნის რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოგივლინდებათ. არსებობს კანის ბევრი დაავადება, როგორიცაა დერმატიტი ან ეგზემა, რომლებიც ასევე იწვევს ქავილსა და მცირე გამონაყარს. ექიმი კი დაადგენს, ზუსტად რა იწვევს სიმპტომებს, რათა მკურნალობის სწორი კურსი შეგირჩიოთ. საგულისხმოა, რომ ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა ან გარკვეულმა ლოსიონებმა შეიძლება ქავილი შეამციროს, მაგრამ ისინი ტკიპებს და მათ კვერცხებს ვერ გაანადგურებს.
მუნის მკურნალობა კი შეიძლება მოიცავდეს როგორც კანზე პირდაპირ წასასმელ პრეპარატებს, ისე პერორალურ მედიკამენტებს. მიზანია ტკიპების განადგურება, თუმცა ქავილი შესაძლოა მკურნალობის შემდეგ კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. მედიკამენტები ვერ ანადგურებს ტკიპას კვერცხებს, ამიტომ თუ სიმპტომები არ გაქრება, შესაძლოა, მკურნალობის კურსის განმეორება დაგჭირდეთ.
ასევე აუცილებელია, რომ იმკურნალონ ახლო წარსულში თქვენმა სექსუალური პარტნიორებმა და ყველამ, ვინც თქვენთან ერთად ცხოვრობს.
როგორ შეიძლება მუნის პრევენცია?
იმისთვის, რომ მუნი ხელახლა არ დაგემართოთ და ტკიპები სხვებს არ გადასდოთ, საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
გარეცხეთ ყველა ტანსაცმელი და თეთრეული. სითბო ანადგურებს ტკიპებს და მათ კვერცხებს. მუნზე მკურნალობის დაწყებამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში გამოყენებული ტანსაცმლის, პირსახოცებისა და თეთრეულის გასარეცხად ცხელი, საპნიანი წყალი გამოიყენეთ. შემდეგ ეს ყველაფერი მაღალ ტემპერატურაზე გააშრეთ. იმ ნივთებს, რომელთა გარეცხვაც არ შეიძლება ქიმწმენდა ჩაუტარეთ.
ტკიპები აშიმშილეთ. ნივთები, რომლებსაც ვერ რეცხავთ, მოათავსეთ ჰერმეტულად დახურულ პარკებში და ყველასგან მოშორებით გადაიტანეთ, მაგალითად, ავტოფარეხში. საკვების გარეშე ტკიპები რამდენიმე დღეში კვდებიან.
სახლი დაასუფთავეთ. მუნის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სახლის საფუძვლიანად დასუფთავება. ავეჯის, ხალიჩებისა და იატაკის გასაწმენდად გამოიყენეთ მტვერსასრუტი, რათა ზედაპირებს მოშორდეს მტვერი, სადაც შეიძლება ტკიპები ბუდობდნენ.