საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პატრიარქმა შესაბამისი გადაწყვეტილება „ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის“ გამო მიიღო.

„სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიული კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აწერს.

ცნობისთვის, არქიმანდრიტი ილია თოლორაია დღეს საპატრიარქოში იყო დაბარებული. მისგან მღვდელმთავრები მონანიებას ითხოვდნენ. საპატრიარქოს დატოვების შემდეგ კი არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ მონანიებას არ აპირებს და პატრიარქთან ითხოვს შეხვედრას.

Share via
Copy link